სახალხო დამცველობის კანდიდატი, ადვოკატი მარიკა არევაძე პარლამენტში გასაუბრების პროცესს ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები კანდიდატების ხედვებით კი არ ინტერესდებოდნენ, არამედ, მათი "აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იჭრებოდნენ".
"ეს ტოვებს განცდას, რომ პროცესი არ არის მიმართული კონსენსუსისკენ", - აცხადებს კანდიდატი და ცალკე გამოყოფს "მტრულ გარემოსა და პარლამენტარისთვის შეუფერებელ მეტყველების სტანდარტს" გასაუბრების დროს.
არევაძის თქმით, დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის კითხვები მიზნად ისახავდა პასუხის მოთხოვნას სხვადასხვა დროს მის მიერ გამოხატულ მოქალაქობრივ პოზიციაზე.
"პოსტები ამოღებული იყო შერჩევითად, წარმოჩენილი იყო კონტექსტის გათვალისწინებისა და კონკრეტული მოვლენის გარეშე. მთელი ამ „დაკითხვის“ პროცესში მე ვინარჩუნებდი ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს და ვიყავი გაწონასწორებული ჩემს პასუხებში თუკი პასუხის გაცემის საშუალება მეძლეოდა. მე ვინარჩუნებდი ჩემს სტანდარტს, ვინაიდან მთელს ამ პროცესში, მე ვერ მივცემდი თავს დეპუტატის სტანდარტზე დაცემის უფლებას", - წერს კანდიდატი თავის განცხადებაში.
მარიკა არევაძის მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს გაიმართა.
სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ დასმული კითხვები ძირითადად ეხებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე კანდიდატების საჯარო განცხადებებს. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატების უკეთ გასაცნობად და "მიუკერძოებლობის დასადგენად", მათი ფეისბუკგვერდები დაათვალიერა.
ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა. გასაუბრება 25 ოქტომბერს დაიწყო, პარლამენტმა 19-დან 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა.
სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.