თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ღამით აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სტუმარმა, 47 წლის კაცმა თავის დაზიანება ნომრის დაქირავებიდან რამდენიმე საათში ხელყუმბარის აფეთქებით სცადა.
მრავალნომრიანი სასტუმრო აღმაშენებლის ხეივანშია. აფეთქება შენობის მეორე სართულზე მოხდა, ნომრის მინები ჩამსხვრეულია. სასტუმროს ადმინისტრაცია ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაზიანებულა.
"პაციენტი წუხელ შემოიყვანეს ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა კრიტიკულია, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში... შემოყვანის დროს იყო კომაში, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - ამბობს გიორგი ბერიაშვილი, ღუდუშაურის კლინიკის გადაუდებელ დახმარების დეპარტამენტის უფროსი.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო "სისხლის სამართლის კოდექსის" 229-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით საჯარო დაწესებულებაში აფეთქებისთვის ადამიანი ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.
მასალა განახლდა ექიმის კომენტარით.