ოპოზიციური პარტიები "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" აცხადებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით წინსვლა არ აქვს. პოლიტიკური პარტია "ლელო" კი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა დაადასტურა ქვეყანაში არსებული ის პრობლემები, რომლებზეც მათი ლიდერები საუბრობდნენ.
"დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება... დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოზეც.
ანგარიშმა ცხადჰყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან", - წერია "ლელოს" განცხადებაში.
"დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა.
"24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად ქართულმა ოცნებამ საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პრო-დასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილებაზე", - წერია განცხადებაში.
გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. ტექსტში მოხსენიებული არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე.