აშშ-ში 9 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგები არ ჩანს, რადგან ჯერ კიდევ დასათვლელია ათასობით ბიულეტენი.
ბევრ შტატში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის მომხრეთა ხმების რაოდენობა იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ჯერ გამარჯვებულს ვერ ასახელებენ.
10 ნოემბრის მონაცემებით ცხადია, რომ დემოკრატიულ პარტიას უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე კენჭისყრამდე ვარაუდობდნენ. პრეზიდენტ ბაიდენის პარტიამ წარმატებას მიაღწია პენსილვანიის შტატში, სადაც რესპუბლიკელებმა მათ სენატში ადგილი დაუთმეს. შესაძლებელია, რომ დემოკრატიული პარტია სენატში მცირე უპირატესობას შეინარჩუნებს.
სენატის ასი ადგილიდან 35 მანდატის მფლობელი ამ არჩევნების შედეგებით უნდა გაირკვეს. ამ ეტაპზე არიზონაში დასათვლელია კიდევ 600 ათასი ხმა.
სენატის არჩევნების შედეგები უნდა გამოვლინდეს კიდევ სამ შტატში: ჯორჯიაში, არიზონასა და ნევადაში.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობას, ამ დრომდე დათვლილი ბიულეტენების თანახმად, იქ რესპუბლიკელებს აქვთ უპირატესობა. თუმცა, ცხადია, რომ რესპუბლიკელებმა უარესი შედეგები აჩვენეს ამ ეტაპისთვის, ვიდრე მათ უწინასწარმეტყველებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია.