Reuters-ის სააგენტოს თანახმად, თურქეთის მედიას მოჰყავს ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ 12 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, რომ თურქეთი ესწრაფვის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო დიალოგს. ერდოანი აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მოსკოვის პროვოცირებაში ადანაშაულებს.
თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელს, TRT-ს და სხვა მედიასაშუალებებს, მოჰყავთ ერდოანის სიტყვები:
„დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, გაუთავებლად თავს ესხმიან რუსეთს“.
ერდოანს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა „თავდასხმაში“.
ერდოანმა, რომელიც უზბეკეთში მიემგზავრებოდა, დასძინა, რომ „რუსეთი, რა თქმა უნდა, ავლენს ამ ყველაფრის მიმართ დიდ წინააღმდეგობას“.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ და დიდ ფინანსურ დახმარებას აწვდიან, ხოლო პარალელურად მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს.