Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა 77 წლის კაცი, რომელმაც პარიზის აეროპორტში 18 წელი იცხოვრა


მერჰან კარიმი ნასერი თავისი ცხოვრების მოტივებზე გადაღებული ფილმის, "ტერმინალის" პოსტერთან ერთად
მერჰან კარიმი ნასერი თავისი ცხოვრების მოტივებზე გადაღებული ფილმის, "ტერმინალის" პოსტერთან ერთად

პარიზში, შარლ-დე-გოლის აეროპორტში გარდაიცვალა ირანელი მერჰან კარიმი ნასერი. აეროპორტში ის 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა სააგენტო "ფრანს პრესს", ნასერი 12 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ბუნებრივი სიკვდილით ტერმინალ 2F-ში გარდაიცვალა.

1945 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ევროპაში 1988 წელს დედის საძებნელად გაფრინდა, თუმცა მიგრაციულ ხაფანგში მოჰყვა. მას შემდეგ, რაც კაცი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო არ მიიღეს, ნასერი იძულებული გახდა აეროპორტში დაბინავებულიყო. მას არც საფრანგეთში შესვლის უფლება ჰქონდა.

ნასერი ტერმინ 2F-ში რამდენიმე სავარძელზე განთავსდა. დღეებს ჟურნალებისა და წიგნების კითხვასა და დღიურის წერაში ატარებდა.

ნასერის ამბავმა მიიქცია მედიისა და ჰოლივუდის ყურადღება. რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა 2004 წელს ნასერის ცხოვრების მოტივებზე გადაიღო ფილმი „ტერმინალი“, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

ფილმის პრემიერის შემდეგ, ნასერი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მან დაირქვა სახელი „სერ ალფრედი“ და მედიასაშუალებებს დღეში ექვს ინტერვიუს აძლევდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს საფრანგეთმა ნასერის ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, მას 2006 წლამდე აეროპორტი არ დაუტოვებია.

2006 წელს ნასერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის ერთ-ერთ ჰოსტელში ფილმის გადაღების შემდეგ მიღებული თანხით ცხოვრობდა.

რამდენიმე კვირის წინ, 77 წლის ნასერი კვლავ პარიზის აეროპორტში დაბრუნდა საცხოვრებლად, სადაც 12 ნოემბერს გარდაიცვალა.

აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, გარდაცვალების შემდეგ მის პირად ნივთებში რამდენიმე ათასი ევრო იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG