Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეხბურთს - კი, ექსპლუატაციას - არა“


ავტორი: მარიამ კიკვიძე


ფული ჯოჯოხეთს ანათებს (ანუ როგორ მოკლა ფიფამ ფეხბურთი)

8 წლის ვიყავი, როდესაც სპორტული ჟურნალიდან ამოგლეჯილი მსოფლიო ჩემპიონატის ცხრილი პირველად ვნახე და მომინდა, შემევსო. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი ფეხბურთზე, გარდა იმისა, რომ ჩემს ეზოში ბიჭები თამაშობდნენ და მეც მინდებოდა ხოლმე, გოლები გამეტანა. ამ დღიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ პირველად ვიტირე საყვარელი გუნდის წაგების გამო და ასე გრძელდებოდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 2014 წლამდე... 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ მიტირია. ალბათ, იმიტომ, რომ ის ნაკრები, რომელსაც ვგულშემატკივრობდი, ჩემპიონი გახდა ან იმიტომ, რომ გავიზარდე... ვერაფერს შევადარებ იმ სიხარულს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის განცდამ მომიტანა. არანაირი პირადი სიხარული არ ყოფილა ამაზე უფრო დიდი და ეიფორიული, როგორც ფეხბურთით მიღებული ბედნიერება.

ამის შემდეგ კიდევ გავიზარდე და უკვე ფეხბურთის ინდუსტრიაში უფრო ღრმად ჩავიხედე. იმის მიუხედავად, რომ სულ ვიგებდი გაყიდული თამაშების შესახებ, არასდროს მინდოდა ამის დაჯერება. ყოველ ჯერზე, მეგონა, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო და ვფიქრობდი, რომ ეს არ უნდა განმეზოგადებინა მთლიანად ფეხბურთზე.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდი თვალების დახუჭვას, გვერდით გახედვას და ყურების დახშობას იმის მოსმენის დროს, რამდენად ამაზრზენ შეთანხმებებში იღებდნენ მონაწილეობას ფიფა და უეფა, მაინც მომდიოდა სხვადასხვა ინფორმაცია კორუფციული გარიგებების შესახებ. შესაბამისად, როგორც ყველასთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ადევნებს ფეხბურთს თვალს, არც ჩემთვის ყოფილა უცხო ის ფაქტი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება კატარმა მარტივად მოიპოვა. უფრო სწორად, იყიდა.

გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ეს ფაქტი მხოლოდ იმიტომ აღიქვა განსაკუთრებით უსიამოვნოდ, რომ ამ წლის მსოფლიო ჩემპიონატი, წინა წლებისგან განსხვავებით, ევროპისთვის ზამთარში ტარდება. რადგან ზაფხულის სტანდარტული ცხელება ზამთრის ციებაში გადაიზარდა, გაჩნდა პირველი კითხვებიც, თუ როგორ მოახერხა კატარმა, რომ ფეხბურთთან (და ლუდის სმასთან) არც თუ ისე დიდი კავშირის ქონის მიუხედავად, მაინც მათთან ტარდება ყველაზე დიდი საფეხბურთო შეჯიბრი. ავტორიტარული მმართველობისა და იქ არსებული ადამიანის უფლებების დაცვის (უფრო სწორად კი - დაუცველობის) ფონზე, 2010 წლის 2 დეკემბერს, ფიფამ მოულოდნელად გადაწყვიტა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რუსეთსა და 2022 წლის ჩემპიონატის კატარში ჩატარების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაშინდელ მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სწორედ მან ურჩია მიშელ პლატინის, 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემოსული განაცხადებიდან, კატარისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა.

2021 წლის მარტში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ამნესტი ინთერნეიშენალის გამოქვეყნებულ დასკვნაში უკვე იგრძნობა საგანგაშო მდგომარეობა, რაც კატარში, კონკრეტულად სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებული მიგრანტების უფლებებს ეხება. გარდიანის სტატიის მიხედვით კი, 2011-2020 წლების განმავლობაში, სტადიონების მშენებლობის პროცესს დაახლოებით 6000 მუშა (დასაქმებული) ემსხვერპლა. მთლიანად ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილას დასაქმებული გარდაცვლილი მიგრანტების რაოდენობა კი 15021-ს შეადგენდა. ეს რიცხვი რომ სხვანაირად დავიანგარიშოთ, გამოვა 235 გარდაცვლილი მომუშავე თითო თამაშზე!

კატარის მთავრობის მონაცემებით, გარდაცვლილთა მთავარ მიზეზად ინფარქტი ან „ბუნებრივი სიკვდილი“ სახელდება. ეს კი, როცა იმ ადამიანების გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ, რომლებიც 20-30 წლის ასაკში ჯანმრთელები იყვნენ და მათ არანაირი თანმხლები დაავადება მანამდე არ ჰქონიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია. ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია ამნესტის დასკვნებში მითითებულია, რომ ახალგაზრდა მუშების დაღუპვის ძირითადი მიზეზები უმძიმესი სამუშაო პირობები და ქვეყანაში არსებული გამორჩეულად ცხელი კლიმატია. დასკვნაში, სახელად „ფეხბურთს - კი, ექსპლუატაციას - არა“, ნახსენებია, რომ კატარში სუფევს თანამედროვე მონობა. დასაქმებულებს არ უხდიან მინიმალურ ხელფასსაც კი (კატარში მინიმალური ხელფასის რაოდენობა დაახლ. 4 ლარია). და ეს მაშინ, როცა კატარი, ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობის ფონზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. შედარებისთვის, კატარის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის გერმანიის შემოსავალზე 5 ათასი ევროთი მეტი.

კატარისგან განსხვავებით, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, უფრო ნაცნობია, თუ რა ხდება ირანში ბოლო ორი თვის განმავლობაში. სულ რამდენიმე დღის წინ, ირანის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 14000 ადამიანს, მათ შორის რამდენიმე ფეხბურთელსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფიფას მაინც არ მიუღია ირანის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის გადაწყვეტილება და ისინი B ჯგუფში იასპარეზებენ.

ბევრს უჩნდება პროტესტის განცდა ამ ჩემპიონატის მიმართ (ჩემი ჩათვლით), ბევრსაც რცხვენია იმის, რომ მაინც უყურებს.. სინამდვილეში, არ არის სირცხვილი ფეხბურთის ყურება, როცა ადამიანი წლობით ელოდება ამ ცოტაოდენ ბედნიერებას. სირცხვილი ისაა, რომ ყველა დიდი და ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა მონაწილეობს ამ კოშმარში. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არც კი საუბრობენ ამ ყველაფერზე და ამაყად მიაბიჯებენ კატარისკენ.

სხვათა შორის, წლევანდელი საჩემპიონატო ჰიმნის სახელია Better together...

და ბოლოს, მადლობა ბლატერსა და ინფანტინოს, ჩემი ბავშვობის ზღაპრის სამუდამო გაქრობისთვის. მადლობა მთელ ფედერაციას იმისთვის, რომ ყველაზე კეთილი, ემოციური და გამორჩეული სპორტი, რომელიც ადამიანებს აერთიანებდა და მტრებს 90 წუთის განმავლობაში არიგებდა, ფულის გუდად გადააქცია და ფეხბურთის მიერ ახსნილი სამყარო თავიდან ასახსნელი გაგვიხადა...

ნამდვილად უკეთესია ერთად! ოღონდ თქვენ გარეშე...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG