Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი კლიჩკო: კიევში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა შესაძლოა გაზაფხულამდე გაგრძელდეს


კიევში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა შესაძლოა გაზაფხულამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. კიევში, ისევე როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, ელექტრომომარაგების შეწყვეტა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შედეგია.

ენერგოობიექტებზე 23 ნოემბერს განხორციელებული უკანასკნელი მასირებული დარტყმის შემდეგ კიევში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობა. ენერგეტიკის კომპანია „დტეკ“-ში განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში შეუძლებელია დენის გათიშვის თავიდან აცილება. მაგრამ პირობა დადეს, რომ დენი არ გაითიშება 5 საათზე მეტი ხნით.

ვიტალი კლიჩკომ RBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ კიევიდან სრული ევაკუაცია არ იქნება, მოხდება მხოლოდ ნაწილობრივი ევაკუაცია უარეს შემთხვევაში - თუკი გაგრძელდება ენერგეტიკული ობიექტების დანგრევა. მისი სიტყვებით, ლაპარაკია იმაზე, რომ უარეს შემთხვევაში ხალხის ცალკეულ კატეგორიებს გაიყვანენ კიევის ოლქში, მაგრამ არა სხვა რეგიონებში.

კლიჩკომ დასძინა, რომ უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად ქალაქში მოწყობილია გათბობის 430 პუნქტი, სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და სხვა დაწესებულებებს გენერატორებით ამარაგებენ. ქალაქის ხელისუფლებამ ასევე შექმნა საწვავის მარაგი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საავადმყოფოების მუშაობისთვის. მან ასევე დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, დამოუკიდებლად მოემზადონ: მოიმარაგონ წყალი, თბილი ტანსაცმელი და საკვები, გაჯეტები დატენილი ჰქონდეთ და მათზე ოფლაინ რუკები ჩატვირთონ.

კვირას საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსეთმა უახლოესი კვირების განმავლობაში კვლავ შეიძლება განახორციელოს დარტყმები. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მასირებული დარტყმების მოსამზადებლად რუსეთს დაახლოებით ათი დღე ესაჭიროება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG