Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უარყო პუტინის მოწინააღმდეგე შამანის საჩივარი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელებაზე


ალექსანდრ გაბიშევი, იაკუტიელი შამანი
ალექსანდრ გაბიშევი, იაკუტიელი შამანი

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს ოლქის სასამართლომ უარყო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, რომელიც ეკუთვნოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს. შამანმა რუსეთში სახელი გაითქვა მოსკოვზე მსვლელობის მოწყობის მცდელობით, რომლითაც, მისი განცხადებით, პუტინი კრემლიდან უნდა განედევნა.

გაბიშევის ადვოკატი ალექსეი პრიანიშნიკოვი აცხადებს, რომ მოსამართლე მარინა საზნევამ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ დარღვეულია მისი კლიენტის უფლება კონფიდენციალურობაზე, რადგან მასსა და გაბიშევს შორის შეხვედრებზე ყოველთვის იმყოფება ფსიქიატრიული კლინიკის მედდა, რომელსაც ხელში თოკი უჭირავს.

გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო ფსიქიატრიულ კლინიკაში გაბიშევის იძულებითი მკურნალობა, სასამართლომ ივლისში მიიღო.

გაბიშევი რამდენჯერმე გააჩერეს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა 2019 წლის შემდეგ, როცა ის შეეცადა თავისი მშობლიური იაკუტიის რეგიონიდან მოსკოვში ფეხით ჩასულიყო, როგორც აცხადებდა, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. შემდეგ, გასული წლის ივლისში, ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს - მას მერე, რაც სასამართლომ "გონებრივად არაჯანმრთელად" მიიჩნია.

სხდომაზე სასამართლომ გაბიშევი დაადანაშაულა "პოლიციელის მიმართ ძალადობრივი აქტის" ჩადენაში მაშინ, როცა იძულებით გამოიყვანეს სახლიდან და ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს.

გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ გაბიშევის მომხრეები და ადვოკატები და აცხადებენ, რომ მისი დაკავება არის საპროტესტო ხმების ჩახშობის მცდელობა.

ადამიანის უფლებების ცენტრმა, "მემორიალმა", გაბიშევი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა, "ამნესტი ინტერნეიშენალმა" კი მისი გათავისუფლების კამპანიით უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG