Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ვთავაზობთ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში არსებობს "ომის პარტია", რომელსაც ქვეყანაში ომი სურს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ამიტომ გაღიზიანდნენ ოპონენტები თბილისის საახალწლო სლოგანით ("მშვიდობის ქალაქი").

"საოცრებაა, რაც გუშინ მოვისმინეთ. მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია... ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ "მშვიდობა" როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ. აქაც, მშვიდობას ისე მტრობენ, სლოგანმაც გააღიზიანათ.

სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ, იმიტომ რომ ისინი არიან "ომის პარტია". მათი კონკრეტული და პირდაპირი განზრახვაა, რასაც ვერ მალავენ... ვერ მალავენ, რომ მათ სურთ ომი საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყების სურვილის ქონაში ადანაშაულებენ. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება [რომ] დაებრუნებინა", მშვიდობა არ იქნებოდა.

"იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის ან, გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება...

სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა", - განაცხადა კალაძემ 30 ნოემბერს.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

გუშინ, 29 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა პრეაქციაც, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ დღეს, 30 ნოემბერს, 21:00 საათზე საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG