Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW-ი: უნგრეთის მთავრობამ მოქალაქეთა პირადი მონაცემები გამოიყენა პოლიტიკური კამპანიებისთვის


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის მემარჯვენე მთავრობამ მიმდინარე წლის საყოველთაო არჩევნებისთვის არამიზნობრივად გამოიყენა მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რითაც ძირი გამოეთხარა პირადი სივრცის დაცვას და ისედაც არათანაბარი პოლიტიკური ველი კიდევ უფრო მეტად გადახარა პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის, "ფიდესის" სასარგებლოდ, აცხადებს ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW-ი) 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აპრილში გამართულ არჩევნებში ორბანმა და მისმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს მეოთხე ვადით.

2010 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორბანმა გაამკაცრა სახელმწიფო კონტროლი მედიაზე, სასამართლოებზე, საუნივერსიტეტო სივრცეზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც აფრიკელ და ახლო აღმოსავლელ მიგრანტებს იცავენ. ორბანს უთანხმოება ჰქონდა ევროკავშირთან უნგრეთში ლგბტ პირთა დისკრიმინაციის საკითხზეც.

თავის ანგარიშში HRW-ი წერს, რომ პირადი მონაცემები, რომლებიც მთავრობას მოქალაქეების მიერ სხვადასხვა მომსახურების მიღებაზე განაცხადების შეტანის გამო ჰქონდა, ხელისუფლებამ გამოიყენა სხვა მიზნებით - "ფიდესის" კამპანიის მესიჯების გასავრცელებლად.

"საჯარო სერვისების მისაღებად მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენება მოქალაქეების პოლიტიკური კამპანიის მესიჯებით დასაბომბად არის ნდობის ღალატი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება", - ამბობს დებორა ბრაუნი, HRW-ის წამყვანი მკვლევარი.

HRW-ის ანგარიშამდე ერთი დღით ადრე ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, გაყინული დარჩეს უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მილიონობით ევრო, ორბანის ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული, სანდო რეფორმების არგატარების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG