Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, ის ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში


მიხაილ ფრიდმანი ისრაელის Keren Hayesod-ის ფონდის დაარსების შეხვედრაზე მოსკოვში. 2019 წლის 17 სექტემბერი
მიხაილ ფრიდმანი ისრაელის Keren Hayesod-ის ფონდის დაარსების შეხვედრაზე მოსკოვში. 2019 წლის 17 სექტემბერი

ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ლონდონში, საკუთარ ბინაში დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს „მდიდარი ბიზნესმენი რუსეთიდან.“

3 დეკემბრით დათარიღებულ ამ განცხადებაში დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს არ დაუსახელებია დაკავებულის ვინაობა. თუმცა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსმა“ ამ პირში ამოიცნო მიხაილ ფრიდმანი, მილიარდერი, ოლიგარქი, რომელიც არის კონგლომერატ „ალფა- ჯგუფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამავე დროს საინვესტიციო ჯგუფ „LetterOne-ის“ თანამფლობელი.

ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების თანახმად, 58 წლის კაცი ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა 1 დეკემბერს დააკავა ლონდონში, „მრავალმილიონიან რეზიდენციაში“.

არ არის ცნობილი, რატომ გამოაცხადა უწყებამ დაკავების ფაქტის შესახებ ორი დღის დაგვიანებით.

დაკავებული პირი ეჭვმიტანილია ფულის რეცხვაში და მოტყუების მიზნით შეთქმულებაში. უწყების ცნობით, დაკავებული იყო ასევე 35 წლის კაცი მას მერე, რაც დაინახეს, რომ ოთახიდან ადიოდა ჩანთით, რომელშიც დიდი რაოდენობის ნაღდი ფული იყო. ამავე ოთახში დააკავეს ბიზნესმენის 39 წლის პარტნიორი ქალის ყოფილი მეგობარი კაცი. სამივე დაკავებული გამოჰკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

„ალფა-ჯგუფის“ პრესსამსახური განცხადებაში, რომელიც 3 დეკემბერს გაავრცელა, წერდა, რომ ფრიდმანი არ არის დაკავებული. თუმცა ცნობაში არ იყო აღნიშნული, რომ ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

ლონდონში რუსეთის საელჩომ 3 დეკემბერს ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს დამატებით ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.

ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო. ბიზნესმენი სხვებთან ერთად ჩიოდა, რომ მას არავითარი გავლენა არ აქვს პუტინის პოლიტიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG