Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიდერლანდის სამეფოში ვიზიტისას კლინგენდაელის ინსტიტუტში მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში, რომელშიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცვლილებებისა, საქართველო ისევ ახერხებს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შენარჩუნებას.

„საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა.

აღნიშნული ცვლილებების და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზეც, რომელსაც პაპუაშვილის თქმით, საქართველო "დიდი ენთუზიაზმით შეუდგა."

"იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის.

კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავისმსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნიდერლანდის სამეფოში 5 დეკემბერს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG