Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში კაცები გაიტაცეს, სავარაუდოდ, ომში წასაყვანად


10 დეკემბერს, მოსკოვში, დაახლოებით ოცი ადამიანი ძალდატანებით გადაიყვანეს სამხედრო კომისარიატში - ამის შესახებ, „მემორიალზე“ დაყრდნობით, რადიო თავისუფლების რუსეთის სამსახური იტყობინება. ვარაუდობენ, რომ ძალდატანებით წაყვანილთა ნაწილი უკვე ომში გასამგზავრებელთა შეკრების ცენტრშია.

„მემორიალის“ ინფორმაციით, კაცებს პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ, ხოლო ერთი მათგანი კაფეში, ყავის სმის დროს წაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, პოლიციელები არ იყვნენ უნიფორმებში და არ წარადგენდნენ თავს.

ამ ეტაპზე, ძალდატანებით წაყვანილებთან დაკავშირება შეუძლებელია. ერთ-ერთის ადვოკატს სამხედრო კომისარიატში უთხრეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე შეკრების ცენტრშია გადაყვანილი. ადვოკატი ამ ცენტრში არ შეუშვეს, მაგრამ აცნობეს, რომ მათთან მიყვანილია დაახლოებით ათი ადამიანი. პასუხის მისაღებად მისვლა მას ისეთ დროს ურჩიეს, როცა ადგილზე პასუხისმგებელი პირი დახვდებოდა.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მობილიზაციის პროცესი 28 ოქტომბერს დაასრულა; თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ასეთი დოკუმენტი არ არის საჭირო".

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ფრონტზე წარუმატებლობის გამო, რუსეთის პრეზიდენტს მონილიზაციის გამოცხადება დასჭირდა, რასაც რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" უწოდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ახლახან თქვა, რომ მობილიზაციის მეორე ტალღის საჭიროება არ არსებობს. სხვადასხვა წყარო პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG