"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა ორგანიზებული იყო და ამაში ხელისუფლების კვალს ხედავს. მან ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ითხოვს ორგანიზატორების დასჯას.
"არანაირი შეხება მასთან არ მქონია. ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა. როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ბიჭზე აპირებენ ჯოხის გადატეხას, რაც არაა სწორი. თუ სწორად გვინდა საქმის გამოძიება, რა თქმა უნდა, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ", - თქვა მან.
გიორგი კირთაძის საგამოძიებო სამსახურში ყოფნის დროს დააკავეს 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე. სირაბიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში ხელბორკილებით მაშინ მიიყვანეს, როცა კირთაძე ამავე სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროს საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები იყვნენ, მათ კადრების გადაღება შეძლეს.
"გამოკითხვაზე შესვლის დროს მითხრეს, რომ ეს პირი იდენტიფიცირებულია, გამოსვლის დროს კი შევიტყვე, რომ დააკავეს... ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელწერაა სუსის მეშვეობით. როგორ ფიქრობთ, ზემდგომების დავალებას ქვემდგომები გამოიძიებენ? დარწმუნებული ვარ, "ალტ-ინფოს" უკანაც დგას სუსი... მე არ მჯერა, რომ ადამიანები ქუჩაში ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დადიან", - თქვა გიორგი კირთაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ, 19 დეკემბერს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, მისთვის უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს), მალევე დაიწყო.
საგამოძიებო უწყებამ 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე დღეს, 20 დეკემბერს, დააკავა. იგი პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ("ალტ-ინფოს") მხარდამჭერია.