აქტივისტებმა უკრაინაში, კრასნოიარსკის ოლქის სოფელ ბაკინსკიში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა სავარაუდო სასაფლაო აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ამ არეალში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის ბაზაზე, „ვაგნერის“ სასწავლო ცენტრი მდებარეობს.
„კავკაზ.რეალიის“ რედაქციას „ვაგნერელთა“ სავარაუდო სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხ „კრასნოდარელი ტიტუშკების“ ავტორმა, სამხედრო პენსიონერმა ვიტალი ვოტანოვკსიმ მიაწოდა.
„აგვისტოში ეს სასაფლაო ჯერ კიდეც არ არსებობდა. ის სექტემბერში გაჩნდა. აქ არის ერთნაირი საფლავები, ერთნაირი ძეგლები და გვირგვინები. სამხედროთა სამარხები ძირითადი სამოქალაქო სასაფლაოდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს“, - უამბო „კავკაზ.რეალიის“ ვოტანოვსკიმ.
სასაფლაოს მომვლელმა აქტივისტებს დაუდასტურა, რომ სასაფლაო უკრაინის ომში დაღუპულთა დასამარხად გამოიყენება და იქ შვიდი პანაშვიდია დაგეგმილი.
სასაფლაოზე დაკრძალული არიან 1962 წლიდან 1997 წლამდე დაბადებული მამაკაცები. საფლავების უმეტესობას მართლმადიდებლური ჯვრები ამშვენებს, ზოგიერთებს კი - ვერტიკალური ნახევარმთვარიანი ძეგლები.
მთლიანობაში "ვაგნერელთა" სავარაუდო სასაფლაოზე 58 ადამიანია დაკრძალული.
- ამ დღეებში ვოლგოგრადში დაკრძალეს უკრაინის ომში მონაწილე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლი ალექსანდრ ანისიმოვი. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, მკვლელობისა და ძარცვის მუხლით ანისიმოვს 14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რომელსაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.
- უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში არაერთი მედიასაშუალება წერდა, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
- თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 2022 წლის 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია.
ამ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები მონაწილეობენ სამხედრო სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში, რომელშიც ეჭვმიტანილი არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.