Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თავშესაფრების მოწყობას აპირებენ


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების კეთილმოწყობას გეგმავენ, რომლებსაც მოქალაქეები დაბომბვის შემთხვევაში შეაფარებენ თავს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ირაგიმ გასეევმა ე.წ. სამინისტროს წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გასეევმა აღნიშნა, რომ ყველა თავშესაფარი უნდა მოწესრიგდეს.

"მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქ ცხინვალის ტერიტორიაზე განთავსებული თავშესაფრების მდგომარეობა. საახალწლო არდადეგების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს თავშესაფრების სრული ინვენტარიზაცია, მათი მდგომარეობისა და კაპიტალური რემონტის შესაძლებლობის შესწავლა", - განაცხადა გასეევმა.

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის აზრით, ყველა ორგანიზაციის უფროსს უნდა დაევალოს მის ბალანსზე არსებული თავშესაფრების კეთილმოწყობა და თვეში ერთხელ ანგარიშის წარდგენა, თუ რა კეთდება.

იბრაგიმ გასეევი წინა ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მმართველობის დროს ე.წ თავდაცვის მინისტრი იყო. ბიბილოვმა ის თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც გასეევს ე.წ პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდა. საბოლოოდ გასეევი დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა, მან კი მხარდაჭერა ალან გაგლოევს გამოუცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა იბრაგიმ გასეევი ცოტა ხნის წინ დანიშნა დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG