Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ისევ წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ჯამში 4 კანდიდატურა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილია გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.

რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის განკარგულებით, ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის არცერთ კანდიდატს.

მანამდე, 5 აგვისტოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები შესთავაზა.

საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG