Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით  


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და ამავე დროს მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით.

შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი ნატოში არის რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე, განუცხადა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოსკოვში. მისი თქმით, ვაშინგტონს კიდევ ერთი გეოპოლიტიკური მიზანიც აქვს, ეს არის რუსეთის ტრადიციული ურთიერთობების განადგურება ევროპასთან.

შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის გამწვავებისთვის, მიიჩნევს ლავროვი, რომლის სიტყვებით: კიევს მიეწოდება ყველაზე თანამედროვე იარაღი, რომელიც შეერთებული შტატებს დასავლელი მოკავშირეებისთვისაც კი არ მიუწოდებია - ლავროვის მიერ TASS-თან ინტერვიუში ნათქვამი გერმანიის რადიოს მოჰყავს.

„აღარავისთვის არ არის საიდუმლო, რომ შეერთებული შტატებისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად დასუსტების ან თუნდაც განადგურებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მეტოქეები ბევრისთვის არიან მზად“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. „ცხელი კონფლიქტით“ ყველაზე მეტად სარგებლობს შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს მისგან მაქსიმალური ხეირის მოპოვებას როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. ამავდროულად, ვაშინგტონი წყვეტს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ამოცანას - გაწყვიტოს ტრადიციული კავშირები რუსეთსა და ევროპას შორის და კიდევ უფრო დაიმორჩილოს ევროპული თანამგზავრები,“ - აღნიშნავს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინულმა მხარემ იცის რუსეთის წინადადების შესახებ, რომ მას კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" სურს. თუ ეს არ გაკეთდა ნებით, "საკითხს რუსეთის არმია მოაგვარებს", აცხადებს ლავროვი.

ატომური იარაღის თაობაზე შეკითხვის პასუხად ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ, „დასავლური კურსი ჩვენი ქვეყნის ტოტალური შეკავების შესახებ ერთობ სახიფათოა. ის შეიცავს ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი შეტაკების რისკს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციას „იმეორებს კვლავაც და კვლავაც“, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის არასოდეს არ უნდა მოხდეს“.

27 დეკემბერს გაერომ თავშეკავებით მიიღო უკრაინის წინადადება სამშვიდობო სამიტის გამართვის შესახებ. გაეროში მიიჩნევენ, რომ ასეთი სამიტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ყველა მხარე ისურვებს.

XS
SM
MD
LG