Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ავღანეთში თალიბანის მიერ ქალებისთვის დაწესებულ აკრძალვებს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გაეროს უშიშროების საბჭო 27 დეკემბერს გამოვიდა მოწოდებით, ავღანეთში ქალებს მიეცეთ უფლება სრულად, თანასწორად და არსობრივად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უშიშროების საბჭომ დაგმო თალიბანის ადმინისტრაციის მიერ ქალებისთვის დაწესებული აკრძალვები უნივერსიტეტებში სწავლის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის სფეროებში.

კონსენსუსით მიღებულ განცხადებაში 15-წევრიანი საბჭო ამბობს, რომ ქალებისთვის და გოგოებისთვის სკოლის მაღალ კლასებში და უნივერსიტეტებში სწავლის აკრძალვა "წარმოადგენს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის ეროზიის გაღრმავებას".

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ტვიტერით წერს, რომ ეს შეზღუდვები არის "ადამიანის უფლებების უპატიებელი დარღვევა და ისინი უნდა გაუქმდეს". გუტერეში დასძენს: "ქმედებები, რომლებიც ქალებსა და გოგოებს რიყავს და აჩუმებს, კვლავ იწვევს დიდ ტანჯვას და მნიშვნელოვან უკანდახევას ავღანელი ხალხის პოტენციალისთვის".

ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლის აკრძალვა გამოცხადდა მაშინ, როცა უშიშროების საბჭო ნიუ-იორკში იკრიბებოდა გასულ კვირაში. გოგოები სკოლის მაღალ კლასებში სწავლას მარტიდან ვეღარ შეძლებენ.

საბჭოს განცხადებით, შაბათს გამოცხადებული შეზღუდვა, რომელიც ქალებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს, "მნიშვნელოვან და მყისიერ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე ჰუმანიტარულ ოპერაციებზე", მათ შორის გაეროს ეგიდით.

"ეს შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის თალიბანის მიერ ავღანელი ხალხისთვის მიცემულ პირობებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინებთან", - ამბობს გაეროს უშიშროების საბჭო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG