პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მედიის კითხვის პასუხად არ უარყო, რომ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მას არ დაუზუსტებია, სად და როდის შედგა ეს შეხვედრა. რაც შეეხება განსახილველ საკითხს, ნიკა მელიას განმარტებით, ეს შეეხებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
"არა, არ უარვყოფ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის საკითხს, გასცდა არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. მართლაც, პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენი სახელმწიფოს მიზნებთან და ამოცანებთან. ევროპული მომავალი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ, სამწუხაროდ, სრულფასოვნად ეს სტატუსი ვერ მოვიპოვეთ, დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე - მსოფლიოში მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ევროპაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს სხდომის პარალელურად მედიასთან კომენტარში.
ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა საკითხი მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც ხელისუფლებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
„ან ჩვენ ვწირავთ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ვეგუებით მის სიკვდილს და ამავე დროს, ვეგუებით მრავალი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ფატალურ შედეგთან ერთად ქვეყნისთვის დასავლურ მომავალზე უარი თქმას“, - თქვა მელიამ.
მანვე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჰქონია და არ ჰგონია, ის კონკრეტულად ამბობდეს, რას აპირებს სააკაშვილთან დაკავშირებით. მელიასვე თქმით, გუშინდელი მოვლენები იყო პარტია „ქართული ოცნების" "ორგანიზებული სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის მოსახდენად".
26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმჟამად მოშიმშილე დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანი წითლიძეს შეხვდა. ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში", დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამ დღეს ანი წითლიძემ შეწყვიტა 12-დღიანი შიმშილობა, რომელიც 15 დეკემბერს ორ დეპუტატთან ერთად დაიწყო, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით. მოგვიანებით მათ კიდევ ერთი პირი შეუერთდა.
გუშინ, 28 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მოწყობილ იმ აქციის მონაწილეებთან გამოვიდა, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ, არ შეიწყალოს სააკაშვილი. აქციის მონაწილეებს მან მიმართა:
"აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს?" - უთხრა აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს სიტყვა ხმაურით შეაწყვეტინეს.
ამის შემდეგ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ახლა ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია."
ბრიფინგზე კი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა."
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.
მანამდე ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასოდეს".
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, ხდომა დღესაც მიმდინარეობს.
პარალელურად, სალომე ზურაბიშვილს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი.