Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ გირაო შეუფარდა


2021 წლის 18 მარტი: ვიოლეტა ინასარიძე და მეგი ბაქრაძე
2021 წლის 18 მარტი: ვიოლეტა ინასარიძე და მეგი ბაქრაძე

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 29 დეკემბერს, გაიმართა.

პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, ადვოკატი კი თვლიდა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ საქმის განხილვა დასრულდა - გირაო არის აღკვეთის ღონისძიება განაჩენის გამოცხადებამდე.

ინასარიძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიოლეტა ინასარიძე არის ადამიანი, რომელმაც 2021 წლის 18 მარტს (როცა ახალგაზრდა ქალს ვაქცინაცია ჩაუტარდა), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება აღმოუჩინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან არა მხოლოდ მედიას, არამედ გამოძიებასაც ცრუ ჩვენება მისცა, რის გამო პასუხისგებაშიც მისცეს. სასამართლო სხდომაზე ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სასამართლო სხდომა; 29 დეკემბერი
სასამართლო სხდომა; 29 დეკემბერი

"შემთხვევით მოვხვდი მე მანდ [რეგისტრატურაში]. ჩემთვის არავის დაურეკავს, "მოდი, ცუდად გახდა", არავის არ უთქვამს, "მოდი შენ მიხედე".... იქ იყო ექიმი მიმაგრებული ადმინისტრაციის მიერ და მე ისიც არ ვიცოდი, რომ ის იყო უმცროსი ექიმი. როცა დამაწერინეს იქვე ის აქტი, თუ რაც იყო, ფორმა 100, მაშინ გავიგე, რომ ბექა ლიპარტელიანი იყო უმცროსი ექიმი. ჩვეულებრივად მუშაობდა რეანიმაციაში, კოვიდ პაციენტებს მკურნალობდა მშვენივრად, როგორც დანარჩენები. მე შემთხვევით გავედი, იმიტომ რომ პარკინგზე გავდიოდი და მივდიოდი კონფერენციაზე სხვა რეანიმატოლოგთან ერთად. მე რომ არ შევსულიყავი შემთხვევით, ჩემთვის არავის არ უთქვამს, ჩემი 30 წუთი მე დავამთავრე და გავედი", - თქვა ვიოლეტა ინასარიძემ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძე ნახა, ექთანს სხეულზე სიწითლეები არ ჰქონია და თავს კარგად გრძნობდა.

პროკურორმა ექიმს ჰკითხა, თუკი ის შემთხვევით მოხვდა იმ დროს მეგი ბაქრაძესთან, რატომ არის სამედიცინო დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერა, რაზეც ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ მას ამ დოკუმენტებზე ხელი კოლეგებმა "ძალით მოაწერინეს."

"რა საჭირო იყო თქვენ მოგეწერათ ხელი და არა, პირობითად, ბექა ლიპარტელიანს, რომელიც ატარებდა მასთან გარკვეულ მანიპულაციებს. თქვენ რა საჭირო იყავით, თქვენი ხელმოწერა რა საჭირო იყო?" - იკითხა პროკურორმა.

"ჩემი ნება არ იყო, მე მართლა შოკში ვიყავი და ისეთ დღეში ვიყავი, რომ ჩემმა მენეჯერმა, მზია გაგოშვილმა და ადმინისტრაციის უფროსებმა, დავით მაისურაძემ და გიორგი ბარძიმაძემ მითხრეს, ნუ გეშინია, ჩვენც ვაწერთ ხელსო", - უთხრა სასამართლოს ვიოლეტა ინასარიძემ. მან დაადასტურა, რომ როცა დოკუმენტებზე ხელს აწერდა, არ იცოდა, რა მკურნალობა ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს და რა მედიკამენტები ჰქონდა მას მიღებული, თუმცა დაამატა, რომ "მერე მივიდა და გაიგო" ეს ინფორმაცია კოლეგებისგან.

ექთანი მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა "იმედში" აცრა კოლეგამ. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა და მოგვიანებით გონება დაკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG