Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო: ანტისარაკეტო ძალებმა განადგურეს „მოხეტიალე“ უკრაინული რაკეტა


კოლაჟი. ბრესტის ოლქის იანავის რაიონში ჩამოვარდნილი რაკეტის ნარჩენები. 2022 წლის 29 დეკემბერი
კოლაჟი. ბრესტის ოლქის იანავის რაიონში ჩამოვარდნილი რაკეტის ნარჩენები. 2022 წლის 29 დეკემბერი

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 29 დეკემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ჩამოაგდო უკრაინული S-300 რაკეტა ბრესტის სასაზღვრო რეგიონში.

ბელარუსის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო BelTA-მ ადრე განაცხადა, რომ უკრაინული რაკეტა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა 29 დეკემბერს, როდესაც მოსკოვმა უკრაინაზე განახორციელა მასშტაბური სარაკეტო შეტევა, რომელიც ძირითადად მოიგერიეს კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ „მყისიერად ეცნობა“ ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და ახლა რაკეტის ჩამოვარდნის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი ადგენს.

ბელარუსმა 29 დეკემბერს გამოიძახა უკრაინის ელჩიც, რათა პროტესტი გამოეთქვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის გამო, რომელიც დასავლეთ ბელარუსიაში ჩამოვარდა.

"მკაცრი პროტესტი გამოცხადდა უკრაინის ტერიტორიიდან S-300 საზენიტო მართვადი რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უკრაინისგან მოითხოვა "საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება" და შესაბამისი პირების "პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება”.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა ბრესტის ოლქის სოფელ ივანოვოს მახლობლად ჩამოვარდა. BelTA ორ ვერსიას ავრცელებდა: პირველი ვერსიით, რაკეტა შევარდა ბელარუსის ტერიტორიაზე, პოლონეთის ინციდენტის მსგავსად, როდესაც რაკეტა არასწორი მიმართულებით გაფრინდა ან მეორე ვერსიით, რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

29 დეკემბერს კიევმა გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიის ახალი, მასიური დაბომბვის შესახებ.

ბელარუსის ხელმძღვანელობა ითვლება ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რუსეთისა, რომლის ჯარი უკრაინაში თებერვლის ბოლოს შეიჭრა. 15 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვა, ორი რაკეტა დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან. შედეგად ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. კიევი აცხადებს, რომ რაკეტები რუსეთისა იყო. მოსკოვი უარყოფს, რომ ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პოლონეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა. ნატომ პოლონეთის სასაზღვრო სოფელში მომხდარ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომელმა ქვეყანამ გაისროლა რაკეტა.

5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნის ჩრდილოეთით აუფეთქებელი რაკეტა აღმოაჩინა. წინასწარი მონაცემებით, რაკეტა უკრაინაზე თავდასხმების დროს ჩამოვარდა. კონკრეტულად ვის ეკუთვნოდა იგი, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG