Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი შეაჩერებს თავშესაფრის მიცემას მათთვის, ვინც რუსეთში სამხედრო სამსახურის თავიდან აცილებას ცდილობს


საილუსტრაციო ფოტო: ყირიმი. სევასტოპოლი. 27 სექტემბერი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ყირიმი. სევასტოპოლი. 27 სექტემბერი, 2022 წელი

ნიდერლანდის იუსტიციისა და უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თავშესაფრის მოთხოვნაზე რუსი წვევამდელებისგან, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ამ საკითხზე უკვე არსებული მორატორიუმი 29 დეკემბრიდან ექვსი თვით გაგრძელდა.

ამის შესახებ იტყობინება უწყების ვებგვერდი. საუბარია 18-დან 27 წლის ასაკამდე რუსეთის მოქალაქეებზე. უწყება განმარტავს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, იძულებული არიან თუ არა რუსი წვევამდელები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მიმდინარე ანგარიში რუსეთის ჯარში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადდა (უკრაინაში) სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ახალ ანგარიშს ნიდერლანდი 2023 წლის პირველ კვარტალში ელოდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ანალოგიური რეკომენდაციები ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ მობილიზაციისგან თავის დაღწევის მიზნით. ნიდერლანდის საიმიგრაციო სამსახური მათთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას დროებით არ მიიღებს, რადგან 2022 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ჩავიდნენ ნიდერლანდში და შეიტანეს შესაბამისი განცხადება, ურჩევენ, არ დატოვონ ქვეყანა. მათი დეპორტაცია არ მოხდება. მორატორიუმი არ ვრცელდება რუს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებზე. მათთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას განაცხადის შეტანიდან 18-21 თვეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG