Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დაწყების შემდეგ უმდიდრესმა რუსებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg-ი


საინვესტიციო ჯგუფ Volga Group-ის დამფუძნებელი გენადი ტიმჩენკო
საინვესტიციო ჯგუფ Volga Group-ის დამფუძნებელი გენადი ტიმჩენკო

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების დღიდან უმდიდრესმა რუსებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. აქედან 46,6 მილიარდი დოლარი, სააგენტოს გათვლებით, უმდიდრესმა რუსებმა უშუალოდ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღესვე დაკარგეს, დასავლეთის სანქციების შემოღებიდან რამდენიმე თვეში კი მათ ზარალს კიდევ 47 მილიარდი დოლარი დაემატა.

ეს მონაცემები მოცემულია პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგში, რომელშიც აქტივების ღირებულების მიხედვით შედის 25 რუსი ბიზნესმენი. უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ყველაზე დიდი ზარალი (თითოეულს რვა მილიარდ დოლარზე მეტი) კომპანია „ნოვატეკის“ თანამფლობელებს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, გენადი ტიმჩენკოსა და ლეონიდ მიხელსონს მიაყენა.

პროცენტული თვალსაზრისით, დანაკარგების მხრივ ლიდერი აღმოჩნდა ვიქტორ ვეკსელბერგი, კომპანიების ჯგუფ Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი ქონება 60%-ზე მეტით შემცირდა და ახლა 11,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან რომან აბრამოვიჩმა ასევე დაკარგა ქონების თითქმის ნახევარი - 18 მილიარდი დოლარიდან აბრამოვიჩის ქონება 9,7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

უკრაინული Forbes-ის შეფასებით, თებერვლიდან უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენების საერთო სიმდიდრე 40-დან 22,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, მილიარდერების აქტივების კლება გლობალური ტენდენციაა, რომელიც ინფლაციის ზრდით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის გამკაცრებით, ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით არის გამოწვეული.

წლის განმავლობაში პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიიდან მხოლოდ პირველმა 500-მა ბიზნესმენმა თითქმის ერთი ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG