ომისთვის "ნაწილობრივი მობილიზაციის" დაწყებიდან უკრაინაში რუსეთის სულ მცირე, 538 მობილიზებული მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ იტყობინება ბი-ბი-სი, რომელიც გამოცემა „მედიაზონასთან“ ერთად დაღუპულებს სახელობით ითვლის. ჟურნალისტების თანახმად, დათვლისას ისინი იყენებენ მხოლოდ ღია წყაროების დადასტურებულ - რუსეთის მედიით და რეგიონული ხელისუფლებების მიერ გამოქვეყნებულ, მონაცემებს, ამიტომ დაღუპულების რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მაღალი იყოს.
ამ რიცხვში არ შედის მონაცემები დონეცკის ოლქში, მაკეევკაში დაღუპულების შესახებ. ახალი წლის ღამეს, მაკეევკის პროფესიული სასწავლებლის, ყაზარმად გადაკეთებულ შენობაზე, უკრაინის არმიის თავდასხმის მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს. არ დასრულებულა ნანგრევებისგან არეალის გაწმენდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაკეევკაში დაღუპულია 63 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ბევრი დაკარგულად ითვლება.
ტელეგრამის გზით, თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობები, რომ მაკეევკაში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება რამდენიმე ასეული იყოს.
ბი-ბი-სიმ და „მედიაზონამ“ დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემები წინა ჯერზე გამოაქვეყნეს 9 დეკემბერს. მათი დათვლით, მაშინ, სულ დაღუპული იყო ათი ათასი სამხედრო და მათგან 430 - მობილიზებული. 36 მობილიზებული რუსეთის ტერიტორიაზე დაიღუპა, მათ ფრონტამდე ვერ ჩააღწიეს. მათი სიკვდილის ძირითადი მიზეზი გულის შეტევა, უბედური შემთხვევები და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება იყო.
ჟურნალისტებმა რუსეთის 60-მდე დასახლებულ პუნქტში სასაფლაოებზე ვითარების შესწავლის შემდეგ გააკეთეს დასკვნა, რომ მათ მიერ შედგენილი სია შეიცავს რეალურად დაღუპულებზე 40-60 პროცენტით ნაკლებ გვარებს.
რუსეთის და უკრაინის არმიები არ ამხელენ საკუთარ დანაკარგებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ანგარიში დაღუპულების შესახებ გამოაქვეყნა 21 სექტემბერს. მინისტრის, სერგეი შოიგუს თანახმად, დანაკარგი შეადგენდა 5939 ადამიანს.
პენტაგონმა ნოემბერში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსეთის და უკრაინის მხარეს, ასი ათას-ასი ათასი სამხედროა მოკლული და დაჭრილი.