Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა


რიში სუნაკი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წ. 19 ნოემბერი.
რიში სუნაკი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წ. 19 ნოემბერი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წელს პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ითათბირეს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები იტყობინებიან.

ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ სუნაკს შეუთანხმდა, „გავააქტიუროთ ძალისხმევა უკვე წელსვე ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად“. „საამისოდ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - დასძინა ზელენსკიმ, მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

როგორც სუნაკის ოფისმა განაცხადა, ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ განაგრძობს მუშაობას „უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში დამატებითი ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვება“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას გრძელვადიანი პერსპექტივით შეუძლია ჰქონდეს ბრიტანეთის მხრიდან დახმარების იმედი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, ორმა ლიდერმა „ისაუბრა უკანასკნელ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული საშინელი იერიშების შესახებ“.

ახალი წლის ღამეს და შემდგომ დღეებში რუსეთის არმია განაგრძობდა რაკეტებითა და დრონებით იერიშებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, მათ უმრავლესობას აგდებენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მიზანს ხვდება და ენერგეტიკის ობიექტების ნგრევას იწვევს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება შეიარაღებით, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებით, სამხედრო ფორმით, ასევე ის წვრთნის უკრაინელ სამხედროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG