Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 18 წევრი


ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა (კნბ) განაცხადა, რომ ქვეყანაში დაკავებულია ქალაქ ბაიკონურში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების 18 წევრი. ქალაქი რუსეთს აქვს იჯარით აღებული ახლომდებარე კოსმოდრომთან ერთად. კნბ-ს ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფსბ და შსს.

როგორც კნბ იტყობინება, ერთდროული დაკავებები განხორციელდა ასტანაში, ყილიზორდსა და კონაევეში (ამ ქალაქში მდებარეობს აზარტული თამაშების მსხვილი ზონა). მთლიანობაში სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 18 ლიდერი და აქტიური წევრი, რომელთაც ჩამოერთვათ ცეცხლსასროლი იარაღი და ფული. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს კავშირი აქვთ ადამიანების მოტაცებასთან, გამომძალველობასთან, შეიარაღებულ თავდასხმებსა და ქურდობასთან.

ყაზახეთის უწყება აცხადებს, რომ დაკავებული ბანდა მონაწილეობდა ბაიკონურში 2022 წლის სექტემბერში მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც სროლის შედეგად დაიღუპა შემთხვევითი გამვლელი. გამოცემა Tengrinews-ი მაშინ წერდა, რომ სროლა მოხდა ორ ბანდას, „არბატსა“ და „დამანსკს“ შორის კონფლიქტის შედეგად.

რუსეთს ბაიკონურის კოსმოდრომი, ამავე სახელწოდების ქალაქი და აეროპორტი „კრაინი“ 2050 წლამდე აქვს იჯარით აღებული. ამის შემდეგ მოსკოვი გეგმავს კოსმოსში თავისი ხომალდების სტარტები გადაიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG