Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აქტივისტს აქციაში მონაწილეობისთვის მიესაჯა პატიმრობა, გაშოლტვა


ნედა ნაჯი, ირანელი აქტივისტი
ნედა ნაჯი, ირანელი აქტივისტი

თეირანში ისლამურმა რევოლუციურმა სასამართლომ სამოქალაქო და შრომის აქტივისტს, ნედა ნაჯის, მიუსაჯა პატიმრობა და გაშოლტვა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც მოჰყვა სექტემბერში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის, სიკვდილს.

ნაჯის დედა მეჰრანე ღასემი 3 იანვარს ინსტაგრამით წერდა, რომ მის ქალიშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა რვა თვის ვადით, 60 შოლტი და ჯარიმა 150 მილიონი რიალის ანუ 385 ამერიკული დოლარის ოდენობით, "ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო პროპაგანდისა" და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით შეკრებაში და გაერთიანებაში" მონაწილეობისთვის. ამასთან, აქტივისტს ორი წლის განმავლობაში აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ე.წ. "სმარტ" ტელეფონის გამოყენება. ნაჯის ოჯახის წევრების თქმით, სასამართლოზე დაირღვა განსასჯელის უფლება, ჰყოლოდა ადვოკატი.

ნაჯი 2 ოქტომბერს დააკავეს, მას მერე, რაც მონაწილეობა მიიღო თეირანში, კასრას საავადმყოფოს წინ გამართულ აქციაში - ამინი ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციიდან იქ გადაიყვანეს.

აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს, HRANA-ს ცნობით, 2 იანვრის მონაცემებით, მღელვარებას ირანში ემსხვერპლა, სულ მცირე, 516 ადამიანი, მათ შორის 70 არასრულწლოვანი, უშიშროების ძალების მხრიდან მასშტაბური პროტესტის ჩახშობის მცდელობის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG