Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ალასანიამ მედიასთან განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლინიკა "ვივამედში" განთავსებულმა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. გიული ალასანიას თქმით, გონების კარგვის ეპიზოდი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ექიმებს მისი "მოსულიერება" გაუჭირდათ.

"დღეს "ვივამედის" კლინიკაში მან დაკარგა გონება. ეს იყო მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის [საპატიმროს საავადმყოფო] შემდეგ. შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა და დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება.

მე არ ვიცი, მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში განმეორდეს და შეიძლება დასრულდეს ფატალურად. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ გვექნება სახელმწიფო. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქციები, რომლითაც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადარჩენას, მის გადაყვანას, მაგრამ არანაირი რეაქცია ჩვენი ქვეყნისგან არ არის.

მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყავს მხარდამჭერები, მეგობრები, რომ ეს ადამიანები [ვინც ჩემს შვილს კლავენ] სამაგალითოდ დაისაჯონ", - თქვა გიული ალასანიამ.

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ რამდენიმე საათის წინ მედიას მიაწოდა სააკაშვილის თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემაც. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ხვალ, 6 იანვარს, დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 4 დეკემბერს აქციები გაიმართა როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოს საელჩოებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შუამდგომლობაზე, რომელიც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. ექსპრეზიდენტისთვის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზა და სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა მის მძიმე მდგომარეობას ადასტურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG