Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის თავდასხმების შესახებ იტყობინება „ზავის“ მიუხედავად


უკრაინა, ბახმუტი. 7 იანვარი. 2023 წელი. საილუსტრაციო ფოტო.
უკრაინა, ბახმუტი. 7 იანვარი. 2023 წელი. საილუსტრაციო ფოტო.

უკრაინის ხელისუფლება 7 იანვარს რუსეთის არმიის ახალ თავდასხმებზე იტყობინება, მიუხედავად ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. კირილენკოს თქმით, ერთი ადამიანი დაიჭრა ქალაქ კურახოვოს დაბომბვისას, სადაც დაზიანდა ორი საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსი და საავადმყოფოს შენობა.

ბახმუტსა და კრასნაია გორაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კერძო სახლი დაზიანდა, დასძინა კირილენკომ. მისი სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურს მოჰყავს.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თანახმად, რუსეთის ჯარებს თავდასხმები არ შეუწყვეტიათ. „როგორც იყო დაბომბვა, ისევე გრძელდება, როგორც იყო ჩვენს პოზიციებზე თავდასხმის მცდელობები, ისე რჩება“, - განუცხადა გაიდაიმ Donbass.Realii-ს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სოლედარზე რუსეთის არმიის თავდასხმების მოგერიების შესახებ. ამ რაიონში სასტიკი ბრძოლები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ერთი დღით ადრე, რუსი ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას ქალაქში კერძო შენაერთის, „ვაგნერის“ რაზმების წინსვლის შესახებ. ამერიკის "ომის შესწავლის ინსტიტუტის" ანალიტიკოსები 7 იანვრის ანგარიშში აღნიშნავენ, რომ მათ არ უნახავთ რუსული წყაროების ცნობების დამადასტურებელი მტკიცებულება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 იანვარს განაცხადა, რომ მისი ჯარი იცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს უკრაინაში კონტაქტის მთელ ხაზზე. ამავე დროს, მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე აგრძელებს დაბომბვას. ამ დროს, რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ დღეში მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა ოთხი მიმართულებით.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის შუადღიდან 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან გადაწყვეტილება დაასაბუთა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილის თხოვნით ე.წ. "საშობაო ზავის" შესახებ. კიევმა უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას "ფარისევლობა" უწოდა. დასავლეთიც სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსული იდეის მიმართ. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი „ცდილობს ამოისუნთქოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პუტინის „ზავი“ ცინიზმად შეაფასეს და 5 იანვარს იქაც გაიხსენეს, რომ საახალწლო დღეებში რუსეთი ბომბავდა მშვიდობიან ადამიანებს, მათ შორის - უკრაინის დედაქალაქშიც. „ზავის“ შეთავაზება პუტინს რეალურ სამშვიდობო ინიციატივად არც პენტაგონმა ჩაუთვალა.

ინიციატივა „სიყალბედ და ფარისევლობად“ შეფასდა ევროპაშიც. ევროკავშირის ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთი - ცალსახა აგრესორი, ხოლო უკრაინა მსხვერპლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG