Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუციშვილის თქმით, მსოფლიო ბანკს შავი ზღვის ხაზისთვის დაფინანსების გამოყოფაზე მიმართავენ


ლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მისი უწყება მიმართავს მსოფლიო ბანკს, რათა ქვეყანას გამოუყოს 75 მლნ დოლარის ოდენობის დაფინანსება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ამ თანხასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე, ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა. თანხის ოდენობაზეც და მიმართულებებზე უკვე შეთანხმებული და შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან. შესაბამისად, ეს პროცედურა იმ პროცესის დაწყებაა, რაც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპებს გულისხმობს.

75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით: ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაჯდება და დაიხარჯება საქართველოს მიერ; ასევე სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე 5 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით როგორც სამართლებრივ, ასევე ფინანსურ საკითხებში", - თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პროექტისთვის საჭირო კვლევისთვის საქართველომ უკვე დახარჯა 2,5 მლნ ევრო - კვლევა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

17 დეკემბერს ბუქარესტში ხელი მოეწერა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელს აწერენ აღნიშნული ქვეყნების მთავრობების მეთაურები.

წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის ნაწილი.

უკვე ცნობილია პროექტის ძირითადი პარამეტრები: 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელი, რომელიც აზერბაიჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს, რეკორდულად გრძელი, 1 100 კმ-იანი იქნება.

კაბელის გაყვანას და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საერთო ჯამში, 3-4 წელი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG