Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაიბრუნა ოლენივკაში დაღუპული 54 მებრძოლის ცხედრები


ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა თავდასხმას ოლენივკის საპატიმროზე, 2022 წლის 29 ივლისს
ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა თავდასხმას ოლენივკის საპატიმროზე, 2022 წლის 29 ივლისს

რუსულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ დაიბრუნა ცხედრები 54 სამხედრო მოსამსახურისა, რომლებიც შარშან, ივლისში, ოლენივკაში (რუსულად ელენოვკა) მდებარე საპატიმროზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გაავრცელა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

„მათი იდენტიფიკაცია ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებთან ერთად განვიხილეთ სამხედრო ტყვეების საკითხთა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე. ოჯახები ღელავენ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება იდენტიფიკაციის პროცესი. ჯერჯერობით კვლავ გრძელდება დნმ-ის ექსპერტიზა, რომელიც ამ შემთხვევაში დიდ დროს მოითხოვს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი ქვეყანა ერთმანეთს აბრალებს 29 ივლისს თავდასხმის განხორციელებას, რომელმაც, როგორც რუსეთის და დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წარმომადგენლები იუწყებიან, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმსხვერპლა, დაიჭრა 75 პირი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ივლისს გაავრცელა 48 დაღუპული უკრაინელი მებრძოლის სახელები. მეომართა ასაკი 20-დან 62 წლამდე მერყეობს.

მოგვიანებით რამდენიმე დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსეთი აცხადებს, რომ ოლენივკის ციხეზე დარტყმა განახორციელა უკრაინის არმიამ, აშშ-ის მიერ მიწოდებული სარაკეტო იარაღით.

უკრაინის არმია ამბობს, რომ იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნია. უკრაინა რუსეთის ძალებს სდებს ბრალს ციხის დაბომბვაში, იქ მყოფი უკრაინელების წამების და სიკვდილით დასჯის შემთხვევების დამალვის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG