Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ბოლომდე გამოჯანმრთელების გარეშე კვლავ ფრონტზე აბრუნებენ


ვლადიმირ პუტინი დაჭრილ რუს ჯარისკაცებთან შეხვედრაზე
ვლადიმირ პუტინი დაჭრილ რუს ჯარისკაცებთან შეხვედრაზე

დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო ზონაში ბრუნდებიან, სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, რაც, იურისტებისა და უფლებადამცველების აზრით, მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გამოცემა "სააგენტო" იუწყება.

როგორც რუსეთის ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია "ექიმ ლიზას სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელმა ოლგა დემიჩევამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, მოსკოვისა და დონეცკის ორი კლინიკის ექიმებმა მას სამშაბათს სთხოვეს, გაერკვია, თუ რატომ იგზავნებიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ფრონტზე, რეაბილიტაციისა და შემდგომი მკურნალობის გავლის გარეშე.

ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის მდივანი ვალენტინა მელნიკოვა ირწმუნება, რომ ასეთი შემთხვევები "წარმოუდგენლად ბევრია". მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ფაქტობრივად განადგურდა დაჭრილი სამხედროებისთვის კატეგორიების მინიჭების სისტემა. ამის ნაცვლად, განვითარდა პრაქტიკა, როდესაც სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანები მთელი წლის განმავლობაში სამხედრო ოპერაციის ზონაში იგზავნებიან, სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, განუცხადა მელნიკოვამ "სააგენტოს".

უფლებადამცველების თქმით, ის, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურს დაჭრილების ექსპერტიზაზე გაგზავნა, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, დაზოგოს სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი კომპენსაციის გადახდა. კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც სამხედრო ჭრილობები მიიღეს, შეუძლიათ მოითხოვონ რამდენიმე სახის კომპენსაცია: ერთჯერადი, ყოველთვიური და დაზღვევის თანხა, განუცხადა „სააგენტოს“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჯგუფის, Agora-ს წევრმა, ადვოკატმა ნიკიფორ ივანოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG