Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტსა და სოლედარში მყოფი ჯარები ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილნი - ზელენსკი


ბახმუტსა და სოლედარში მყოფ უკრაინულ დანაყოფებს დაუყოვნებლად და შეუფერხებლად მიეწოდებათ ყველა საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხში დაწერა, სამხედრო ძალების სარდლობასთან უმაღლეს შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ.

"უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრა გავმართე. განვიხილეთ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე შექმნილი სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე ბრძოლებს. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ქალაქების დამცველ დანაყოფებს დაუყოვნებლად და შეუფერხებლად მიეწოდებათ საბრძოლო მასალა და ყველაფერი, რაც აუცილებელია. დასასრულს ვისაუბრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე იმ აღჭურვილობითა და იარაღით, რომლებსაც პარტნიორებისგან ვიღებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ბახმუტის მიმართულება უკრაინაში საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯარებმა ბახმუტის რაიონში მდებარე ქალაქ სოლედარზე კონცენტრირებული იერიში წამოიწყეს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა 11 იანვარს საღამოს განაცხადა, რომ სოლედარს სრულად აკონტროლებენ მისი მეომრები. პრიგოჟინის თქმით, სოლედარისთვის ბრძოლაში მოკლულია უკრაინის 500 მებრძოლი, რამდენიმე დანებდა.

მაშინ, როცა პრიგოჟინი ამბობს, რომ სოლედარის შტურმი მხოლოდ "ვაგნერელებმა" განახორციელეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი რუსეთის არმიის მედესანტეებს აქვთ ბლოკირებული.

საბრძოლო მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება არ ხერხდება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთის „პროპაგანდისტები“ ავრცელებენ ცნობებს ქალაქის აღების შესახებ, „რათა ხელი შეუწყონ მობილიზაციას და იმედი მისცენ იმათ, ვინც აგრესიას ემხრობა“. „მაგრამ ბრძოლები გრძელდება. დონეცკის მიმართულება დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG