Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში დაიწყეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. 2020 წ. 26 თებერვალი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. 2020 წ. 26 თებერვალი.

კრემლში დაიწყეს მზადება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები ვარაუდობენ, რომ არჩევნები, ომის მიუხედავად, დადგენილ ვადებში - მომავალი წლის მარტში - გაიმართება და რომ მასში მონაწილეობას მიიღებს ვლადიმირ პუტინი. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. კრემლი რომ არჩევნებში პუტინის მონაწილეობას გეგმავს, ამის შესახებ „ვიორსტკიც“ იტყობინება.

2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პუტინს საშუალება აქვს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს 2024 და 2030 წლების არჩევნებში. თავად პუტინს, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 2000 წლიდან უკავია (2008-2012 წლებში შესვენებით), ჯერჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

„იდეოლოგიური შემადგენლის მკაფიო კონტურები ჯერჯერობით არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ერთობის თემას დაემყარება“, - წერს „კომერსანტი“. კრემლში აპირებენ 2023 წლის რეგიონულ არჩევნებში გამოცადონ სხვადასხვა ტექნოლოგია და „არსებითი იდეები“ 2024 წლისთვის. „კომერსანტის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ ყურადღება დაეთმობა „ახალ ფენას“ - უკრაინის ომის მონაწილეებსა და მათ ნათესავებს; გარდა ამისა, კრემლს იმედი აქვს, რომ ელექტორატთან იმუშავებს უკრაინის ოთხი ოლქის ტერიტორიებზე, რომლების ანექსია ახლახან მოახდინა რუსეთმა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ არჩევნები იქაც გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG