გაზეთ New York Times-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებისას ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს იყენებს.
აშშ-ს ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს მომარაგებული. ის განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. ამავე დროს, არსენალი შეუძლია მოიხმაროს ისრაელმაც, საგანგებო ვითარებაში.
ჭურვების ისრაელში არსებული არსენალიდან გამოყენების მიზეზი ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში საბრძოლო მასალა არასაკმარისად იწარმოება.
გაზეთის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში დაახლოებით 90 000 საარტილერიო ჭურვს იყენებს, რაც ორჯერ აღემატება ამჟამად დასავლეთის სამხედრო ქარხნებში წარმოებული ჭურვების რაოდენობას. წარმოება იზრდება, მაგრამ საფეხურებრივად.
აშშ უკრაინას დაჰპირდა მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვის მიწოდებას. აქედან 300 000 უკრაინაში ისრაელის არსენალიდან წავა.
პენტაგონი უკრაინის არმიას საბრძოლო მასალას აწვდის ასევე სამხრეთ კორეაში არსებული საბრძოლო საცავებიდან.
ისრაელმა თითქმის ტოტალური ემბარგო დააწესა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე იმის შიშით, რომ რუსეთი ხელს შეუშლის მას საჰაერო თავდასხმებში ირანის ძალებსა და „ჰეზბოლას“ დაჯგუფებაზე სირიაში.
უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება ხორციელდება ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, რომელიც, ისრაელის წარმომადგენლების თქმით, იძულებულია დაეთანხმოს ამერიკელების მოთხოვნას, გამოიყენოს საკუთარი საბრძოლო მასალა თავისი შეხედულებისამებრ.