რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 23 იანვარს, განაცხადა, რომ შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობების დონე ესტონეთთან. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს. დიპლომატიური მისიის დონემ მოვალეობის შემსრულებლამდე დაიწია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პასუხია „ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე“, რასაც რუსეთი „არამეგობრულ ნაბიჯს“ უწოდებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთის ხელისუფლება „ბოლო წლებში მიზანმიმართულად ანადგურებს რუსეთთან ურთიერთობის მთელ დიაპაზონს“ და სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანა „ტოტალური რუსოფობია“ .
დაახლოებით ორი კვირის წინ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ტალინში, ვლადიმირ ლიპაევს, ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის 1 თებერვლამდე შემცირების აუცილებლობის შესახებ აცნობა. ესტონეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ამ დროისთვის რუსეთის საელჩოში უნდა დარჩეს მხოლოდ რვა დიპლომატი და 15-მდე ადმინისტრაციული, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი. გაზეთი Postimees-ი წერდა, რომ ახლა რუსეთის საელჩოს ტალინში დიპლომატის სტატუსით 21 თანამშრომელი ჰყავს, ანუ მათი რაოდენობა ნახევარზე მეტით უნდა შემცირდეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში პარიტეტის პრინციპის მიღწევაა. ამჟამად რუსეთში რვა ესტონელი დიპლომატი მუშაობს. გარდა ამისა, რეინსალუს თქმით, „აგრესიული ომის პირობებში (იგულისხმება უკრაინაში შეჭრა) რუსეთის საელჩოს პერსონალი დაკავებული არ არის ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით და, შესაბამისად, წარმომადგენლობის ამჟამინდელი მოცულობა გამართლებული არ არის“.
ამის შემდეგ ესტონეთში რუსეთის საელჩომ დროებით შეაჩერა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის შესახებ განცხადებების მიღება და აღნიშნა, რომ შეფერხება გამოიწვია „ესტონეთის ხელისუფლების მტრულმა ქმედებებმა“. ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა. გასულ წელს რუსების მხრიდან ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადების რაოდენობა ორ-ნახევარჯერ გაიზარდა - სულ 726 განაცხადი, მანამდე, ერთი წლით ადრე კი - 290.
ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში. გასულ კვირას ესტონეთმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. იგი, კიევში ესტონეთის ელჩის, კაიმო კუუსკას თქმით, მოიცავს ესტონეთის 155 მმ-იანი ჰაუბიცების მთელ მარაგს. ესტონეთი ასევე მოუწოდებს გერმანიას, მიაწოდოს უკრაინას ტანკები „ლეოპარდი“ და მუშაობს რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხზე.
საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, ესტონეთი, რუსეთის მოსაზღვრე შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მსგავსად (გარდა ნორვეგიისა), მოქმედი ვიზების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ უშვებს.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ესტონეთმა ქალაქებში ნარვასა და ტარტუში რუსეთის საკონსულოები დახურა.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლატვიამ და ლიეტუვამაც დაწიეს.