Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მე-5 კაცსაც პატიმრობა მიუსაჯეს


ხანუმ ჯეირანოვა
ხანუმ ჯეირანოვა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრებ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მეხუთე ბრალდებულ კაცსაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ახალგაზრდა ქალზე სქესის ნიშნით იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ - 2022 წლის 16 სექტემბერს ამ დანაშაულიდან 8 წელი გავიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული კაცი ერთხმად ცნო დამნაშავედ. გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:

  • 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ);
  • 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით).

"ბრალდებული სხვა თანამზრახველებთან ერთად თვლიდა, რომ დაზარალებული ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, მათ დაზარალებული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.

ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი დამნაშავე კაცებს ძალადობიდან თითქმის 8 წლის შემდეგ წაუყენა. სულ ბრალდებულია ხუთი პირი, მათგან ოთხის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2023 წლის 9 იანვარს დადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG