Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება - ირაკლი ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურსათის იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძალიან მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, რაც, მისი თქმით, „არასწორი საქციელია“. ღარიბაშვილმა საკითხის შესწავლა და მასზე რეაგირება ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა.

"რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ამ პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი საბითუმო ფასებზე 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი. საბითუმო ფასებზე. ამას შემდეგ ემატება საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა, მსხვილი იმპორტიორების დაბარება, საკითხის შესწავლა და რეაგირება დაავალა

„მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავალი გზებით, ეს არის მიუღებელი... მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, მე ვხედავ, რომ აქ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამ დროს საჭიროა მათთან საუბარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

3 თებერვალს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ბოსტნეული და პური გაძვირდა.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, რომლის ანგარიშიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე. კვლევის ჩასატარებლად მოსახლეობა 2022 წლის 3-20 დეკემბერს გამოჰკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG