Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსები საერთოდ იტყუებიან - სამხარაძე ჯაბაროვის განცხადებაზე


ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მედიის კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ასეთ რამ არ მომხდარა.

„არ მომხდარა ეს. დიახ, რუსები, საერთოდ, იტყუებიან,“- უპასუხა სამხარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იტყუება თუ არა ჯაბაროვი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.

ოფიციალური განცხადება საქართველოში ამ საკითხზე არ გაკეთებულა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტს „ვლადიმირ პუტინს ქართველი ხალხის სახელით" გაუგზავნეს. ამის შესახებ 19 იანვარს განაცხადა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორმა რომან ბოკერიამ გადაცემაში „საქმის კურსში“.

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რუსეთთან, ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

XS
SM
MD
LG