Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინასთან რუსეთის ომი მსოფლიოს პოლიტიკაში გარდამტეხ წერტილად იქცა, და მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ მოსკოვი და პეკინი - ამის შესახებ ნათქვამია მიუნხენის კონფერენციის ყოველწლიურ ანგარიშში. კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება.

დოკუმენტის სათაურია Re: vision, ხოლო მისი მთავარი შემადგენელია მიუნხენის უსაფრთხოების ინდექსი. ანგარიშის ავტორებმა ათასობით მოქალაქე გამოკითხეს დიდი შვიდეულის (G7: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი, აშშ), BRICS-ის (სამხრეთი აფრიკა, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ქვეყნებსა და უკრაინაში.

რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხის წყაროდ მიიჩნიეს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა - უკრაინის, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთის, კანადისა და აშშ-ის. BRICS-ის ქვეყნებმა ყველაზე დიდი საფრთხედ დაასახელეს ენერგეტიკული და საკვების კრიზისები. ჩინეთში ყველაფერზე მეტად ეშინიათ კორონავირუსის პანდემიის, შესაძლო ახალი ეპიდემიების და აგრესორის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების.

ანგარიშის თანახმად, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მსოფლიო დაიყო დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქვეყნებად. აფრიკის, ლათინური ამერიკის და აზიის ზოგიერთმა სახელმწიფომ თავი შეიკავა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაკრიტიკებისგან.

ანგარიშის ავტორები ლაპარაკობენ ჩინეთზეც - რომელიც, მათი აზრით, ქმნის გავლენის სფეროს აღმოსავლეთ აზიაში. რუსეთის მსგავსად, ჩინეთსაც ბრალს სდებენ რევიზიონიზმში, და მას უფრო დიდ გამოწვევად მიიჩნევენ, ვიდრე რუსეთს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1962 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ ათობით ქვეყნის სახელმწიფოების, მთავრობების მეთაურები, მინისტრები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. რუსეთი კონფერენციაში 1999 წლიდან ჩაერთო.

2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა სიტყვით, რომელშიც გააკრიტიკა აშშ და მისი მოკავშირეები ნატოს გაფართოების გამო - რაც, მისი თქმით, რუსეთს უქმნიდა საფრთხეს. პუტინის ამ გამოსვლას მიიჩნევენ ათვლის ერთ-ერთ წერტილად, რომლის შემდეგაც დაიწყო ურთიერთობის გაუარესება რუსეთსა და დასვლეთის ქვეყნებს შორის.

2022 წელს რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ფორუმში მონაწილეობაზე.

2023 წლის კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ. კონფერენციაზე დაპატიჟეს ოპოზიციის წარმომადგენლები - მიხაილ ხოდორკოვსკი და გარი კასპაროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვში ღონისძიებისადმი ინტერესი გამქრალია.

XS
SM
MD
LG