Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ ზელანდიას საუკუნის უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ახალ ზელანდიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. ასიათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა წყალდიდობისა და მეწყრების გამო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - მესამედ მისი მთელი ისტორიის განმავლობაში.

„ციკლონი გაბრიელი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელიც ახალმა ზელანდიამ იხილა ამ საუკუნეში,“ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა. მან ნგრევის სეროზულ ხასიათსა და ზარალის მასშტაბებზე ისაუბრა. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი სანაპიროები.

ენერგეტიკის მინისტრ მეგან ვუდსის თქმით, სამშაბათს შუადღისთვის ჩრდილოეთ კუნძულზე ელექტროდენი გაეთიშა 225 ათას ადამიანს. ეროვნული ელექტროქსელის ოპერატორმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ელექტრომომარაგება შეწყვეტილი იქნება დღეებისა და შესაძლოა კვირების განმავლობაში.

ოფიციალური მონაცემებით, სამშაბათს მინიმუმ ორ-ნახევარი ათასი ადამიანი იძულებული იყო, სახლები დაეტოვებინა. როგორც ვარაუდობენ, მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან რამდენიმე დიდი რაიონი ჯერაც მოწყვეტილია კომუნიკაციებს. კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა, რის შედეგადაც დაირღვა საგზაო მიმოსვლა, მათ შორის დედაქალაქ ველინგტონსა და ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდს შორის.

დაზარალებულ ტერიტორიებზე მაშველთა მისვლას აფერხებენ მეწყრები და წყალდიდობა. ამინდის მდგომარეობის გამო ზოგიერთ რაიონში ვერტმფრენების გამოყენებაც ვერ ხერხდება. როგორც იტყობინებიან, სერიოზულად დაშავდა მინიმუმ ერთი მაშველი, კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როცა მეწყრით დანგრეულ სახლს ამოწმებდა.

კლიმატის ცვლილებების საკითხების მინისტრმა ჯეიმს შოუმ ციკლონის დამანგრეველი შედეგები ახსნა კლიმატის ცვლილების მიმართ არასაკმარისი ყურადღებით.

ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას მან დაგმო „დაკარგული ათწლეულები“, რომლებიც დაიხარჯა იმაზე დავაში, „რეალურია თუ არა კლიმატური ცვლილებები, გამოწვეულია თუ არა ისინი ადამიანის მიერ, ცუდია თუ არა ეს, რამე უნდა მოვიმოქმედოთ თუ არა“.

XS
SM
MD
LG