რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ინგლისურ ენაზე მიმართა სირიელ ხალხს. მან დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა აფხაზი ხალხის სახელით.
„ძვირფას სირიელებო, დღეს ვაკვირდებით ცნობილ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მათ პოლიტიკური მიზეზით არ სურთ სირიის დახმარება. ასეთი დამანგრეველი სტიქიური უბედურება პოლიტიკისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში, გაერთიანების და მოქმედების დრო დადგა. ძვირფასო სირიელებო, ჩვენ გაფასებთ და გვიყვარხართ. გამაგრდით“, - თქვა ინალ არძინბამ.
მან დაამატა, რომ განიხილება „სირიაში მცხოვრები მიწისძვრით დაზარალებული აფხაზური დიასპორის აფხაზეთში შესაძლო გადასახლება“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სირიისა და თურქეთის დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთში მიწისძვრის დროს აფხაზური დიასპორის ორი წარმომადგენელი დაიღუპა.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში ცნო. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში აფხაზეთის ე.წ. საელჩო საზეიმოდ გაიხსნა. 2021 წლის ოქტომბერში სირიაში იმყოფებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.