რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, აფეთქების სპონსორი იყო უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის დაკავშირებული ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობასთან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს.
გაზეთი 8 მარტის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ დივერსიის ორგანიზება უკრაინელის კერძო ინიციატივა იყო. მან საკუთარი ხარჯებით გადაიხადა იახტის ქირა, დაიქირავა ელიტური მყვინთავები, დააფინანსა ყალბი პასპორტები და კუმულაციური ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც მხოლოდ ნავთობისა და გაზის მრეწველობისთვისაა ხელმისაწვდომი.
The Times-ი ყურადღებას აქცევს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები იცნობენ უკრაინელს, რომელიც დგას აფეთქებების ორგანიზების უკან. მის ვინაობას არ ამხელენ, რათა უკრაინასა და გერმანიას შორის კონფლიქტის პროვოცირება არ მოხდეს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებების ფონზე.
სამშაბათს და ოთხშაბათს მედიაში გაჩნდა ცნობები „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ აფეთქებების შესახებ. The New York Times-ი ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქებებთან კავშირი აქვს პროუკრაინულ დაჯგუფებას. Die Zeit-ის თანახმად, იახტა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, განხორციელდა გაზსადენების აფეთქება, ეკუთვნოდა კომპანიას, რომელსაც ორი უკრაინელი ფლობს.
მოგვიანებით The Washington Post-მა ევროპისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აფეთქებებთან კავშირი აქვს პროუკრაინულ ჯგუფს, რომელიც კიევთან შეუთანხმებლად მოქმედებდა. გამოცემის წყაროები ამასთან აღნიშნავენ, რომ სპეცსამსახურებს ჯერაც არ მოეპოვებათ იმის მტკიცებულებები, თუ რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული გაზსადენების აფეთქება.
უკრაინის ხელისუფლებამ უარყო დივერსიასთან კავშირი. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პუბლიკაციებს კოორდინირებული დეზინფორმაცია უწოდა.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ცნობები „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე აფეთქებების თაობაზე. მეორე გაზსადენი ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ვინაიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ რუსეთიდან გერმანიაში რუსული გაზის მიწოდების მთავარი მაგისტრალი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა.