„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, ერთი კვირაა პოლონელ ექიმებს ექმნებათ ბიუროკრატიული ბარიერები, რის გამოც ყოვნდება მათი ვიზიტი საქართველოში.
მათი ვიზიტის მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.
„ისინი ჩამოდიან არა თავის ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით - გაერთიანებული მისიით. ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულონ. ეს იქნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ჩალაძემ.
გიორგი ჩალაძემ ასევე განაცხადა, რომ ხვალ, 13 მარტს, სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრების მთავარი საკითხი კი იქნება „პუტინის პატიმრები“.
„ჩვენ იმ ქმედებებზე ვისაუბრებთ, რასაც პუტინი მისი პატიმრების წინაშე სჩადის", - თქვა ჩალაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.