კურსკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ სამხედრო მოსამსახურეებს, იური დეგტიარევს და ალექსეი სელივანოვს, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის. ამის შესახებ "კომერსანტი" სისხლის სამართლის საქმის მასალების მითითებით წერს.
მათ საქმეს „საჩვენებელი“ უწოდეს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის შესახებ ახალი საკანონმდებლო მუხლის შემოღების შემდეგ.
სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ბარათის თანახმად, განაჩენი გამოტანილია 2022 წლის 22 დეკემბერს. რაიონულმა სასამართლომ საჩივრის განხილვის შემდეგ სასჯელი არ შეამცირა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ორივე სამხედრო მოსამსახურემ "აღიარა დანაშაული, მოინანიეს და თქვეს, რომ სურთ გააგრძელონ სამხედრო სამსახური და მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდებს).
იური დეგტიარევი და ალექსეი სელივანოვი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო სამსახურში სექტემბრის ბოლოს გამოიძახეს. ოქტომბერში დეგტიარევმა მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბელგოროდის რეგიონში სამხედრო ნაწილში დაბრუნდა, ნოემბერში მან და სელივანოვმა არ შეასრულეს დანაყოფის მეთაურის ბრძანება. კერძოდ, უარი თქვეს მიეღოთ პირადი იარაღი და აღჭურვილობა, საბრძოლო ზონაში გამგზავრების წინ.
ამის შემდეგ დეგტიარევი და სელივანოვი სამწყობრო პლაცზე დააკავეს. ორივე მობილიზებულს ხელბორკილები დაადეს, ერთ-ერთი მათგანი დამამცირებელ მდგომარეობაში, თანამებრძოლების მწყობრის წინაშე თავჩაქინდრული ჩაატარეს. მათი დაკავების ვიდეო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს.
ვიდეოს კომენტარში წერდნენ, რომ ეს არის "დემონსტრაციული დაკავება" სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით, რომელიც სექტემბერში დააკანონეს და რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მეთაურის ბრძანების შესრულებაზე უარი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.