უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოს და სხვა ნებისმიერი, მსგავსი კადრების გავრცელება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ როგორც მსხვერპლის, ისე სამხედრო დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის.
მალიარი ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ საჯარო სივრცეში ვერსიების გავრცელებაც სასტიკად მოკლული ტყვის ვინაობის შესახებ და დაელოდონ უკრაინის კომპეტენტური სამსახურების ოფიციალურ დასკვნას.
11 აპრილს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს რუსი სამხედროს მიერ უკრაინელი ტყვისთვის თავის მოკვეთას. სასტიკი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 12 აპრილს მსოფლიოს ლიდერებს მიმართა, რომ ამ სიმხეცის იგნორირება შეუძლებელია და თითოეულ მათგანს რეაქცია უნდა ჰქონდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, რომლისთვისაც ადამიანები არ არსებობენ და მცდელობას, ნორმად აქციოს სიცოცხლის განადგურება. ზელენსკის განცხადებით, არ აპირებენ რამე დაივიწყონ და მკვლელებს აპატიონ.