რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომის დასრულების ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში უკვე პრაქტიკულად ყველა „დავალება“ შეასრულა და ახლა შეუძლიათ წერტილი დასვან.
პრიგოჟინი წერს, რომ ეს საჭიროა „ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის“.
„იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეცოპერაციის დასასრული, ყველას ვაცნობოთ, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. გარკვეულწილად, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მიზანს. შეგვიძლია საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ სპეცოპერაციის ამოცანები შესრულებულია“.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია უკრაინის მოსახლეობის, განსაკუთრებით, მათი მამრობითი ნაწილის განადგურებით, ხალხის დაშინებით და იმით რომ მათი დიდი ნაწილი ევროპაში გაქიცა.
„რუსეთმა გაჭრა აზოვის ზღვა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, წაართვა უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე“.
მისი თქმით, ახლა რუსეთისთვის მთავარია „მყარად მოიკიდოს ფეხი, უკვე მის ხელში არსებულ ტერიტორიებზე“.
პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ არის ერთი პრობლემა, რომელიც ომმა გამოიწვია: „თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის აბსოლუტურად ეროვნულობაზე ორიენტირებული სახელმწიფოა“.
ვრცელ სტატიაში, პრიგოჟინი განიხილავს ბახმუტის მნიშვნელობას, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალ კონტრშეტევას.
ის უკრაინასთან ყოველგვარი მოლაპარაკების წინააღმდეგია.
პრიგოჟინის ვარაუდით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებას მიაღწევენ, რუსეთმა შესაძლოა დაცემა დაიწყოს, რაც გამოიწვევს გლობალურ ცვლილებებს რუსულ საზოგადოებაში.