სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილეა დაკავებული.
ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ადგილობრივი კორესპონდენტი აწვდის. მისი ცნობით, დაკავებულები, სასტუმროს ეზოს შიდა ტერიტორიაზე შეიყვანეს.
როგორ ჩვენი კორესპონდენტი გვაწვდის ინფორმაციას, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, "რუსებო! რუსებო!", რა დროსაც ტყის ტერიტორიიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმების და დემონსტრანტები დააკავეს.
დაკავებულების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ გვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, ისინი დეტალებს აზუსტებენ.
აქცია „ყვარლის ტბასთან“ 11 საათიდან მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიტიური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი და მისი ქმარი, ხოლო სასტუმროში დაგეგმილია ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწილო წვებულება.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია. ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები არ იმყოფებიან, მათ შორის, არც ლავროვის ოჯახის წევრები.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცავი, მათ შორის არიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.